დილით, უფრო სწორად, ღამით [გარეთ ბნელოდა], 6 საათისკენ, ტკივილმა გამაღვიძა. და აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგია, როცა სახლში არის ერთი ადამიანი მაინც, რომლის გაღვიძებაც ამ დროს შეგიძლია. ის, რა თქმა უნდა, მოგხედავს. მარტო რომ მეცხოვრა, ალბათ საწოლიდან წამოვდგებოდი, ჩავიკეცებოდი და ტკივილისგან გავითიშებოდი, როგორც კინოებში ხდება ხოლმე . :დ
20 წუთის შემდეგ ვფიქრობდი, ოჯახთან ერთად ცხოვრება სჯობს თუ მარტო… ბავშვობიდან მიმაჩნია, რომ 18-19 წლის ადამიანი ცალკე საცხოვრებლად უნდა გადავიდეს. არა, ოჯახის მიტოვება და გაქცევა არ იგულისხმება, უბრალოდ, უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად არსებობა: აღარ შეაწუხოს მშობლები სწავლისა და კომუნალური გადასახადებით, ტანსაცმელსა და საკვებზე გაწეული ხარჯებით, ან, თუნდაც, აუტანელი ხასიათით. :დ
მაშინ ხარ მაგარი, როცა მამიკოს, ან თუნდაც, დედიკოს, ან, ზოგადად, სხვისი ფულის გამოყენების გარეშე მიაღწევ შენს საკუთარ მიზნებს.
თუმცა არსებობს რამდენიმე არამატერიალური სიკეთე, რაც სხვა სახლში გადასვლის შემთხვევაში არ გექნება. როცა ოჯახთან ერთად ცხოვრობ:
- ყოველ დღე თბილ გარემოში სადილობ/ვახშმობ;
- თუ წამოწექი და ჩაგეძინა, აუცილებლად მოგაფარებენ პლედს;
- ავადმყოფობის შემთხვევაში ოჯახის ყველა წევრი იზრუნებს შენზე;
- შეგიძლია თქვა ისეთი ხუმრობები, რომლებიც სასაცილო არაა – გაიღიმებენ მაინც და თავს უხერხულად არ იგრძნობ;
- თუ ღამით კოშმარმა გამოგაღვიძა, გააღვიძებ მათაც და ჩაგეხუტებიან;
- როცა შუქი ჩაქრება, ძველ ამბებს გაიხსენებთ და თუ დენი მალევე მოვა, გული დაგწყდება. ეს კარგია;
- შაბათ-კვირას დედას ან მამას მიეხმარები საოჯახო საქმეებში და დღის ბოლოს, ძილის წინ, გაგეღიმება.
[თუ ახლა თავში მოგივიდა ისეთი ოჯახური პოზიტივი, რომელიც ზემოთ არ წაგიკითხავს, კომენტარებში დაწერე. ვფიქრობ, რომ ეს სია უფრო გრძელი უნდა იყოს]
სამაგიეროდ, მარტო ცხოვებისას შეგიძლია, რომ მთელი სახლის კედლები საყვარელი სიმღერების ტექსტების ფრაგმენტების შავ-თეთრი პრინტებით დაფარო და დაუმატო ფერადი შტრიხებიც [ჩემ შემთხვევაში, ნეონის]; საერთოდ არ დაკიდო ჭაღი და მეტიც, ნათურასთან შეერთებული სადენი შენს სიმაღლემდე ჩამოაგრძელო. :დ
ეს ცხოვრება ერთი დიდი დილემაა.










