Life is a mystery
პირველი ნაწილი
1.
არ უყვარს, როცა თავისით ეღვიძება. ისიც კი უკეთესი იქნებოდა, მაღვიძარას აუტანელი ხმის გამო რომ გაეხილა თვალები. საბანი გადაიხადა, ფეხებს გადახედა და ადგა. ლოგინში წოლა არ მოსწონს და რომ არა ძილი, არც არასდროს გაეკარებოდა საწოლს. სახლში მარტო ყოფნაც ეზიზღება.
უნიტაზი, კბილის ჯაგრისი, სარკე, სავარცხელი, ყავა, ტანსაცმელი. მზადაა.
მობილური, გასაღები, კარი. დღეს საკონდიტროში ფუნთუშებს იყიდის და საღამოს რძეს დალევს. “ეს მაისური ძალიან მიხდება”.
წითელი ღილაკი, ლიფტი მალე მოვა.
ლიფტზე სწრაფად მესიჯი მოდის. “ალბათ ისაა”. აკანკალებული თითები შარვლის ჯიბიდან მობილურის ამოღებას ცდილობენ. ერთი წამიც და წაიკითხავს. ეკრანი. ლიფტის კარი იღება. ის მესიჯს ხსნის, თან ნაბიჯს დგამს და…
ეს ხომ ძველი კორპუსია. ლიფტმა აურია -კაბინა არ ამოსულა, კარი კი გაიღო.
ხმაური. მესიჯის წაკითხვა ვერ მოასწრო. ჰმ, იქნებ “ის” არ სწერდა და, უბრალოდ, ეს იყო შეტყობინება ბილაინისგან -”გადმოდით ნათელ ფერებში“. მაგრამ, რაღა აზრი აქვს.
2.
41 წლის მიხვდა, რომ მილიონს ვეღარ იშოვიდა. გამდიდრება, როგორც ყველა სხვა სიმარტივე, ძალიან რთული აღმოჩნდა. მაგრამ მაინც არ დანებდა, ანუ დაიწყო ყოველ კვირას ლოტოს ბილეთის ყიდვა. სჯეროდა, ერთხელაც ჯეკპოტს მოიგებდა და მერე ყველაფერი შეიცვლებოდა. სხვა მოთამაშეებისგან განსხვავდებოდა – ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვებს ირჩევდა. და არასდროს კარგავდა მოგების იმედს.
როცა 54 წლის გახდა და დაბადების დღე ღარიბულად, უშამპანიუროდ აღნიშნა, დაიფიცა, რომ ლოტოს ბილეთს აღარასდროს იყიდდა.
ფიცის გატეხვა არ შეიძლება და რაც არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება.
სამი დღის შემდეგ გათამაშებაში ყველა ის რიცხვი ამოვიდა, რომელსაც მთელი 13 წლის განმავლობაში ირჩევდა. მას ბილეთი არ ჰქონდა და როგორც ამას ჩვეულებრივი ადამიანები იტყოდნენ, გული გაუსკდა.
ჯეკპოტი – 146 მილიონი – ჯერაც გასათამაშებელია. და ალბათ კიდევ დაემატება მილიონები.
3.
მუცელი 5-ჯერ მოეშალა. ცხოვრებაში ერთადერთი რამ უნდა – ამჯერად მაინც გადარჩეს ბავშვი. უკვე 6 თვის ფეხმძიმეა. მისმა ქმარმა იცის, რომ შეიძლება ყოველ წამს დაენგრეთ ოცნება. ისიც იცის, რასაც გააკეთებს – კიდევ ერთხელ წავა ძმაკაცებთან და დალევს იქამდე, სანამ არ გაითიშება.
მე-7 თვე. ტკივილი. საავადმყოფო. ტკივილი. ბავშვი. ტკივილი. ცოცხალი ბავშვი. ინკუბატორი. ოცნება ასრულდა, მაგრამ მათი შვილი ვერასდროს გაივლის ფეხზე.
ქმარი კიდევ ერთხელ მიდის ძმაკაცებთან და სვამს იქამდე, სანამ არ გაითიშება.
Life is a mystery



კარგა ხანია ასე გემოვნებიანად მინიატურები არ წამიკითხავს.
მე კიდე, ნეტა არ წამეკითხა….