Skip to content

Kaena

February 12, 2012

აი, ისევ დაღამდა და ისევ დავიძინებ და ისევ გათენდება და ისევ იქნება ყველაფერი ისე, როგორც არის, იმიტომ, რომ სინამდვილეში არ თენდება.

კი – როცა ტირილი ვერაფერს ცვლის და მაინც გეტირება, ე.ი. ჯერ ისევ ბავშვი ხარ.

არა – თუ რეალისტი ხარ, ე.ი. არაფერი იქნება კარგად. არც უკეთესად.

კი – თუ არაფერი გეტყობა აგონიის, ე.ი. მაგარი გოგო ხარ.

არა – როცა სულელურ წინადადებებს იყენებ სიჩუმის წინაამღდეგ, ე.ი. არაფერი დამთავრებულა. არც დაწყებულა.

კი – თუ ამ ყველაფრის წაშლამდე ერთი წამია, ე.ი. დარჩა სადღაც რაღაც რაციონალური.

არა – თუ ამ ყველაფრის გამოქვეყნებამდე ერთი წამია, ე.ი. არ ყოფილა დრამატიზმი ბოლომდე დამარცხებული.

ისე, ერთი წამია გაჩერებამდეც, მაგრამ გაჩერება არ შეიძლება. და რაც არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება.

არ მიყვარს ძილი – როცა გძინავს, 99.9%-ით მკვდარი ხარ. მაგრამ ამაღამ “არდაძინებაც” ხომ გაჩერებაა.

Kaena

იფიქრე Kaena-ზე. შენნაირია. და ღრმად ჩაისუნთქე.

The light is in your hand. The truth is in your head.

Run, run, Kaena, გაჩერება არ შეიძლება.

აი, ისევ დაღამდა და ისევ დავიძინებ და ისევ გათენდება. ოღონდ მართლა.

თაობები

February 8, 2012

ახალ თაობას უნდა, რომ  ციგით ისრიალოს. ძველ თაობას კი ეშინია, ციგით დატკეპნილ თოვლზე ფეხი არ აუსრიალდეს. სულ ესაა მთელი ფილოსოფია, რომელიც თაობების ურთიერთდამოკიდებულებას განმარტავს.

[ ვიცი, ამ ყველაფრის დაწერა სტატუსადაც შეიძლებოდა fb-ზე, მაგრამ it's more than a status. ]

Life is a mystery

January 28, 2012

პირველი ნაწილი

1.
არ უყვარს, როცა თავისით ეღვიძება. ისიც კი უკეთესი იქნებოდა, მაღვიძარას აუტანელი ხმის გამო რომ გაეხილა თვალები. საბანი გადაიხადა, ფეხებს გადახედა და ადგა. ლოგინში წოლა არ მოსწონს და რომ არა ძილი, არც არასდროს გაეკარებოდა საწოლს. სახლში მარტო ყოფნაც ეზიზღება.

უნიტაზი, კბილის ჯაგრისი, სარკე, სავარცხელი, ყავა, ტანსაცმელი. მზადაა.

მობილური, გასაღები, კარი. დღეს საკონდიტროში ფუნთუშებს იყიდის და საღამოს რძეს დალევს. “ეს მაისური ძალიან მიხდება”.

წითელი ღილაკი, ლიფტი მალე მოვა.

ლიფტზე სწრაფად მესიჯი მოდის. “ალბათ ისაა”. აკანკალებული თითები შარვლის ჯიბიდან მობილურის ამოღებას ცდილობენ. ერთი წამიც და წაიკითხავს. ეკრანი. ლიფტის კარი იღება. ის მესიჯს ხსნის, თან ნაბიჯს დგამს და…

ეს ხომ ძველი კორპუსია. ლიფტმა აურია -კაბინა არ ამოსულა, კარი კი გაიღო.

ხმაური. მესიჯის წაკითხვა ვერ მოასწრო. ჰმ, იქნებ “ის” არ სწერდა და, უბრალოდ, ეს იყო შეტყობინება ბილაინისგან -”გადმოდით ნათელ ფერებში“. მაგრამ, რაღა აზრი აქვს.

2.

41 წლის მიხვდა, რომ მილიონს ვეღარ იშოვიდა. გამდიდრება, როგორც ყველა სხვა სიმარტივე, ძალიან რთული აღმოჩნდა. მაგრამ მაინც არ დანებდა, ანუ დაიწყო  ყოველ კვირას ლოტოს ბილეთის ყიდვა. სჯეროდა, ერთხელაც ჯეკპოტს მოიგებდა და მერე ყველაფერი შეიცვლებოდა. სხვა მოთამაშეებისგან განსხვავდებოდა – ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვებს ირჩევდა. და არასდროს კარგავდა მოგების იმედს.

როცა 54 წლის გახდა და დაბადების დღე ღარიბულად, უშამპანიუროდ აღნიშნა, დაიფიცა, რომ ლოტოს ბილეთს აღარასდროს იყიდდა.

ფიცის გატეხვა არ შეიძლება და რაც არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება.

სამი დღის შემდეგ გათამაშებაში ყველა ის რიცხვი ამოვიდა, რომელსაც მთელი 13 წლის განმავლობაში ირჩევდა. მას  ბილეთი არ ჰქონდა და როგორც ამას ჩვეულებრივი ადამიანები იტყოდნენ,  გული გაუსკდა.

ჯეკპოტი – 146 მილიონი – ჯერაც გასათამაშებელია. და ალბათ კიდევ დაემატება მილიონები.

3.

მუცელი 5-ჯერ მოეშალა. ცხოვრებაში ერთადერთი რამ უნდა – ამჯერად მაინც გადარჩეს ბავშვი. უკვე 6 თვის ფეხმძიმეა. მისმა ქმარმა იცის, რომ შეიძლება ყოველ წამს დაენგრეთ ოცნება. ისიც იცის, რასაც გააკეთებს – კიდევ ერთხელ წავა ძმაკაცებთან და დალევს იქამდე, სანამ არ გაითიშება.

მე-7 თვე. ტკივილი. საავადმყოფო. ტკივილი. ბავშვი. ტკივილი. ცოცხალი ბავშვი. ინკუბატორი. ოცნება ასრულდა, მაგრამ მათი შვილი ვერასდროს გაივლის ფეხზე.

ქმარი კიდევ ერთხელ მიდის ძმაკაცებთან და სვამს იქამდე, სანამ არ გაითიშება.

Life is a mystery

მანდატურის ლექსიკა!

January 24, 2012

დღეს საგზაოს მასწავლებელი არ იყო და ერთ-ერთი მანდატური შემოვიდა გაკვეთილზე. რაღაცებს გველაპარაკებოდა. კერძოდ, 53-ე სკოლის  ამბებს ყვებოდა. იქ ყოფილა ადრე გადანაწილებული. ერთი შეხედვით, არაფერი საინტერესო – გატუტუცებული, ცელქი, ხულიგანი ბავშვების ისტორიები. მაგრამ… ლექსიკა! მანდატურის სამეტყველო ენა მე-11 კლასელი ბავშვების წინაშე!

მოკლედ, ყველაფერს დავწერ.

  1. ვიღაც ბავშვი მასთან “ლაპარაკისას” ძალიან უზრდელი ყოფილა. და ამ მანდატურმაც, იმის მაგივრად, რომ ეს ჩვენთვის გადმოეცა ისეთი სიტყვებით, როგორიცაა “გინება”, “უცენზურო”, პირდაპირ თქვა:

იმ ბიჭმა, ჩემი დედა მოვ**ანო

კლასში ყველა დავიძაბეთ. გადავხედე ბავშვებს და გადმომხედეს ბავშვებმა. წესით მანდატურიც უნდა მიმხვდარიყო ჩვენს რეაქციაზე, რომ მისი სიტყვები არაადეკვატურად მივიჩნიეთ.

2. ერთი ბიჭი თურმე სიმართლეს არ ამბობდა, მაგრამ როცა სკოლაში მისი მშობელი მივიდა [თუ რაღაც ამდაგვარი], ყველაფერი აღიარა. მანდატურმა კი გვითხრა ასე:

გაგიხარია, ქურდობას აწვებოდა და მაშინვე გაბოზდა

კლასში ყველა დავიძაბეთ. გადავხედე ბავშვებს და გადმომხედეს ბავშვებმა. წესით მანდატურიც უნდა მიმხვდარიყო ჩვენს რეაქციაზე, რომ მისი სიტყვები არაადეკვატურად მივიჩნიეთ. მეორედ.

3. მოემზადეთ კატასტროფისთვის. პროტესტის გამოსახატავად ერთ ბიჭს პატრულის მანქანაზე მოუშარდავს. მაგრამ, თუ მანდატურს ჰკითხავთ:

ამოიღო და პირდაპირ პატრულის მანქანას მიაფსა

კლასში ყველა დავიძაბეთ. გადავხედე ბავშვებს და გადმომხედეს ბავშვებმა. წესით მანდატურიც უნდა მიმხვდარიყო ჩვენს რეაქციაზე, რომ მისი სიტყვები არაადეკვატურად მივიჩნიეთ. უკვე მესამედ.

საბედნიეროდ, ზარიც დაირეკა.

ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია. არც ჩემს კლასელებს.

ასეთი ლექსიკით არც ერთ კაცს არ ულაპარაკია ჩემ წინაშე. არც ჩემი კლასელების წინაშე.

რა ჰქვია ამ ყველაფერს?

მე არ მეცინება. ეს არაა სასაცილო. სერიოზულია, ძალიან. და მინდა, რომ ვინმე “ისეთმა” წაიკითხოს.

 

რატომ ვჭედავ ნეონზე

January 20, 2012

ნეონი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეათე ელემენტია. +10 შიგნით, ატომის ბირთვში, -10 გარეთ – ატომის ბირთვის გარშემო. ყველაფერი ძალიან მარტივია.

როცა ტოკიოში ღამდება, სინამდვილეში თენდება. თენდება, იმიტომ რომ ყველაფერი კაშკაშებს; თენდება, იმიტომ რომ მეგაპოლისი იმაზე ბევრად მიმზიდველია, ვიდრე დღისით იყო;

ტოკიო იღვიძებს

თენდება, იმიტომ რომ ნეონი იწყებს ჯადოქრობას – იპყრობს ყველას ყურადღებას, ანუ მბრძანებლობს. ამ დროს ტოკიოში ქაოსურად მოძრაობენ ადამიანები, ავტომობილები და, რა თქმა უნდა, რობოტები. <3 მათ ნეონის ძალა მართავს.

ნეონი ღამის ცხოვრების საწყისია

ნეონის ელვარება ყველას ითრევს – შეუძლებელია, რომ დაიძინო.

ის ყველგანაა.

ის ყველასთვისაა.

ის ყველასია.

ნეონი - ასფალტზეც

ნეონი კაცობრიობის ყველაზე ლამაზი მიღწევა და ჩემი ენერჯაიზერია.

მე აუცილებლად გავივლი აქ

ამიტომ, სანამ ტოკიოს ვესტუმრები, ყოველთვის, როცა ჩემი ნეონის ნათურა არ აღმოჩნდება საკმარისი განწყობისთვის და უფრო მეტიც – ოცნებებისთვის, ამ კლიპს ჩავრთავ და ვუყურებ:

P.S. მე “კონტაქტის” გვერდიც ნეონის მაქვს! კიდევ ერთი რამ მექნება ნეონის, მაგრამ არაა რეკომენდებული, რომ 17 წლის გოგომ პოსტი ტრაგიკულად დაამთავროს.

P.P.S. და იქნებ შვილსაც ნეონი დავარქვა?!

<3

ბიბლიოთეკარები, კონტროლიორები და “მეტროს ქალები”

January 18, 2012

10 წელია, რაც ჩემი უბნის ბიბლიოთეკიდან გამომაქვს წიგნები. 10 წელი. და რამდენიმე კვირის წინ, როცა გამოტანილები უკან დავაბრუნე და ახლების არჩევა დავიწყე, მითხრეს, რადგან ამ რაიონში არ ხარ ჩაწერილი, ამის შემდეგ პირადობის მოწმობის დატოვების გარეშე ვეღარ წაიღებ წიგნებსო. 

1. თუ 10 წელი წესს არღვევდნენ, რატომ არღვევდნენ?

2. თუ 10 წლის განმავლობაში გამომქონდა წიგნები და წესს არ არღვევდნენ, ახლა რატომ აღარ მატანენ?

3. თუ 10 წელი უვნებლად ვაბარებდი ყველა წიგნს, ახლა რაღატომ უნდა დავუტოვო ბიბლიოთეკარებს პირადობის მოწმობა “მძევლად”?

პირადობის მოწმობას, რა თქმა უნდა, ვერ დავტოვებ ბიბლიოთეკაში – არსებობენ ისეთი საჯარო მოხელეები [lol], როგორებიც არიან კონტროლიორები და “მეტროს ქალები”. მათ ალბათ არ სჯერათ, რომ მე სკოლის მოსწავლე ვარ და ყოველთვის მთხოვენ პირადობის მოწმობის ჩვენებას…

მოკლედ, დავრჩი უბიბლიოთეკოდ. თუმცა, თუ თბილისში არსებულმა ერთმა დაწესებულებამ მაინც დაიწყო პროფესიონალურად მუშაობა, ეს ძალიან კარგია.

პარასკევი – დასაწყისი

January 16, 2012

ერთთვიანი არდადეგები მეტისმეტია. მხოლოდ ორი კვირა დაგვესვენა ზამთარში და ორი კვირით ადრე დავეთხოვეთ ზაფხულში. მოსწავლეები ძლივს სულიერდებიან ხოლმე ივნისში – სკოლაში ძალიან ცხელა. ამ ზამთრის არდადეგების ნახევარი კი უაზრობაა.

მაგრამ მერე ვინ იქეიფებს ერთი კვირა და ვინ აღნიშნავს 2-2-ჯერ დღესასწაულებს?!

ხო, კიდევ – ჩემს სკოლაში სწავლა იწყება 20 იანვარს, პარასკევს.

ჰმ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 136 other followers